საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთიან სიაზე შეთანხმდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვოტების ნახევარი სხვა პარტიებს უნდა დაუთმოს.
ამის შესახებ მან დღეს, 3 ივნისს, სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
„უახლოეს საათებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით, ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“. ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას და ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს [კოორდინაცია] ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, ამას ალტერნატივა არ აქვს[…]
მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, დავთვალოთ, რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას და ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანი გადანაწილება არ გამოვა, ამომრჩევლის წარმომადგენელი უნდა იყოს. რაც დაჯდება რეიტინგი, წინასწარ კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ. ამ სიტუაციაში ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.