„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „უკრაინაში ომი არ ჩერდება“ და ბირთვული ომის რიტორიკა ისმის დაპირისპირებული ძალების — რუსეთისა და დასავლეთის — ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან.
ღარიბაშვილმა ამბობს, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ოქტომბერში არჩევანი ერთი მხრივ, მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორისაა.
„შიდა სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ართულებს რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ შევეხეთ უკრაინის ომს. ეს ომი არ ჩერდება. ჩვენ ვხედავთ რიტორიკას ბირთვული ომის ალბათობის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ და ეს მოვისმინეთ პირდაპირ დაპირისპირებული ძალების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ვგულისხმობ, რუსეთსა და დასავლეთს, ნატოს სახელმწიფოებს. ამიტომ, ასეთ რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე. არ უნდა დავუშვათ ქვეყნის შიგნით რამე არაპროგნოზირებადი განვითარება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებში მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის.