ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი და ოსი პაციენტებისთვის 2013-2015 წლების ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯა

19 ოქტომბერი, 2015 • • 1215
აფხაზი და ოსი პაციენტებისთვის 2013-2015 წლების ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯა

მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, “ჯანდაცვის უფასო მომსახურეობა ჩართულობის სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მიმართულებაა”.

 

“მიუხედავად მავთულხლართებისა და გამყოფ ხაზზე გადაადგილების მაქსიმალური შეზღუდვისა, 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ცხინვალის რეგიონიდან მკურნალობის მსურველთა რაოდენობა. ამ ადამიანების 70% დანარჩენ საქართველოში ჩამოდის ლარსის გამშვები პუნქტიდან, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები სიცოცხლის რისკის ფასად მავთულხლართებისა და საოკუპაციო რეჟიმის გვერდის ავლით გადმოდიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”,- წერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამი წლის ანგარიშში. 

 

აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ. მათ შორის უმთავრესია „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამა. მასში მონაწილეობის მისაღებად აღნიშნული რეგიონების მაცხოვრებლები განცხადებით მიმართავენ სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც თავის მხრივ შუამდგომლობას უწევს მათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

 

“სახელმწიფო ცდილობს, აღნიშნული პროგრამა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიუროკრატიისაგან”.

 

რაც შეეხება სხვა სამედიცინო შეღავათებს, რომელსაც თბილისი აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს, ეს არის 2013 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც ამ რეგიონებში მცხოვრებ, ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელებზეცაა გათვლილი. 

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ აფხაზებსა და ოსებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგარმაში ჩართვაც შეთავახა.

 

პირდაპირი პროგრამების პარალელურად, როგორც მინისტრის აპარატის ანგარიშშია ნათქვამი, 2013-2015 წლების განმავლობაში აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს გაეროს განვითარების ფონდთან არსებული „საკოორდინაციო მექანიზმის“ ფარგლებში რეგულარულად მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიკამენტები და ვაქცინები; რომლის თვითღირებულება, ჯამში, 500 ათას ლარზე მეტს წარმოადგენს.

საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთს სამედიცინო ინვენტარი, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების ნივთი გადაეცა. 

 

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა ზუგდიდთან, სოფელ რუხში 220 – ადგილიანი მრავალპროფილიანი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობაა, თავისი საერთო საცხოვრებლით, რომელიც მთავრობის განცხადებითვე, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოების გარდა დამატებით მოემსახურება აფხაზეთის მცხოვრებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი