დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დეივიდ კემერონი განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაუხვია:
„მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას“, — აცხადებს დეივის კემერონი.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში 28 მაისს განიხილეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა.
ამის შემდეგ კენჭი ეყარა მანამდე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს, რომელსაც 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოც დაიძლია.
პროცედურის მიხედვით, ახლა რუსული კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც 5 დღის ვადაში მას ხელი უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს.
თუმცა, ვინაიდან რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, მასზე ხელს არ მოაწერს. პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში რუსულ კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.