ეს კადრები იყო ატვირთული Youtube–ზეც, თუმცა გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრ პროკურატურას შეკითხვით, თუ როგორ აღმოჩნდა მედიასაშუალებების ხელში ეს მასალები. პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ, თუმცა ამ დრომდე არ დაგვკავშირებიან.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თამარ ქალდანმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ 2013 წელს ეს მასალები განადგურებას არ დაექვემდებარებოდა, ვინაიდან მაშინ განადგურდა არა წამების ამსახველი, არამედ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. მისი განცხადებით, მსგავსი სახის მასალები არ ნადგურდება, რადგანაც გამოძებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მასალაზე გამოძიება მიმდინარეობდა.
“ყველა მასალა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, მაშინ გამოძებას გადაეცა,”– განაცხადა მან.
მისი განცხადებით, შესასწავლია, გამოძიებიდან მოხდა ამ კადრების გაჟონვა, თუ დაცვის მხარემ გაავრცელა. მან ასევე დასძინა, რომ საგამოძიებო მასალის გავრცელება შესაძლოა პროკურატურის შესწავლის საგანი გახდეს და შეიძლება ეს ინსპექტორის აპარატის კომპეტენციას სცდებოდეს.
თამარ ქალდანის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ინსპექტორის აპარატი ამ საკითხით დაინტერესდება.