ახალი ამბები

ნაცმოძრაობა რუსთავი 2-ის გამო სამთავრობო შენობების პიკეტირებას არ გამორიცხავს

17 ოქტომბერი, 2015 •
ნაცმოძრაობა რუსთავი 2-ის გამო სამთავრობო შენობების პიკეტირებას არ გამორიცხავს

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ წუთისთვის ივანიშვილს, რომელსაც დაკარგული აქვს ხალხის მანდატი და მხარდაჭერა, გადაწყვეტილი აქვს მოვლენების რადიკალური ფორსირება. ივანიშვილი იხილავს არა მხოლოდ რუსთავი 2-ის მფლობელებისთვის  საკუთრების ჩამორთმევის საკითხს მოსამართლე ურთმელიძის ხელით, არამედ შემდგომი სამართლებლივი დავის შანსის წართმევას დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის და ე.წ. აღსრულების ფურცლის გამოწერას”, – განაცხადა გაბაშვილმა.

 

მისი თქმით,  ეს შეიძლება მოხდეს მალე, 19 ოქტომბრის სხდომაზეც კი, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.

“რა წამსაც დაიწყება ამ უკანონო გადაწყვეტილებების უკანონო აღსრულება, ჩვენ დავიწყებთ ფართო საპროტესტო მოძრაობას, მასობრივ მანიფესტაციებს, და განსხვავებით ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართული ჩვენი ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა, ეს არ იქნება ერთჯერადი ხალხმრავალი პროტესტი, არამედ მიიღებს გრძელვადიან, პერმანენტულ სახეს  და მათ შორის მოხდება სამთავრობო შენობების პიკეტირება. თუ ივანიშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს რუსთავი 2-ის განადგურებას, ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას უკან დაიხიოს საპროტესტო მოძრაობის შესაკავებლად”, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

გოკა გაბაშვილი
გოკა გაბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი