ახალი ამბები

კანონის ამოქმედების შემთხვევისთვის დავიწყეთ EU-ს შესაფერისი პასუხების განხილვა – ბორელი

27 მაისი, 2024 •
კანონის ამოქმედების შემთხვევისთვის დავიწყეთ EU-ს შესაფერისი პასუხების განხილვა – ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ევროკავშირის მხრიდან „შესაფერისი პასუხები“ განიხილეს იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოში რუსული კანონი ამოქმედდება.

ამის შესახებ მან დღეს, 27 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ევროკავშირის საპასუხო რეაქცია, მომდევნო თვეში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღებენ.

„ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არცთუ ისე სამწუხარო და არცთუ ისე მნიშვნელოვანია. ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და ამ დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს.

კანონის ამოქმედების შემთხვევისთვის ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა. გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა თქვა, ისურვებდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება მათ ღირებულებებს, საერთაშორისო სამართალს და ევროპულ გზას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც.

„ჩვენ განვიხილეთ მომავალი არჩევნები, ქართველ ხალხს ხმის მიცემა თავისი ქვეყნის ტრაექტორიისთვის მოუწევს. მთავრობის ქმედებებმა შეიძლება საბოლოოდ გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად იღებენ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი