“ [NDI-ის კვლევა] საინტერესოა, ტენდენციასაც აჩვენებს. ჩვენი მუშაობა იზომება შესრულებული სამუშაოთი და ამ შესრულებული სამუშაოს ხარისხით. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი რეიტინგებიც ძალიან საინტერესოა. როგორ გაზომეს, ისიც არ ვიცი და როდესაც ამბობენ, რომ გაიზარდა, რა კრიტერიუმით ზომავენ ამას, ესეც გაუგებარია,” – განაცხადა თამარ სანიკიძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.
NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?”, მოსახლეობის 35% ასახელებს, რომ არ იცის, 14% – არც ერთ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას -13%, ქართულ ოცნებას კი- მხოლოდ 11%.
ამავე კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?” იმ გამოკითხულებმა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ, შემდეგნაირად უპასუხეს: არ ვიცი – 31%, ენმ – 15%, ქართული ოცნება 14%, უარი პასუხზე 11%, არცერთი პარტია – 10%, თავისუფალი დემოკრატები – 5%.
NDI–ის გამოკითხვა ამა წლის 8 აგვისტოდან – 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. 2015 წლის აგვისტოს კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (sida) მიერ.