ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არ ვაპირებთ საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას” – შამბა კობახიძეს ეხმიანება

27 მაისი, 2024 •
“არ ვაპირებთ საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას” – შამბა კობახიძეს ეხმიანება

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დაბრუნების სურვილი საქართველოს მხრიდან არავის უკვირს, მაგრამ აფხაზეთის [დე ფაქტო] ამოცანაა, განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა. ამის შესახებ “TASS-თან” განაცხადა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, რითაც ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას თავის შემადგენლობაში და ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის.

“მათ (საქართველოს) 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, რა თქმა უნდა. ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არ არის. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება” ,- განაცხადა შამბამ.

შამბას თქმით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის “ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა”.

“როცა ამის დრო დადგება, მაშინ განვიხილავთ, თუმცა ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას”, – განაცხადა მან.

შამბამ აღნიშნა, რომ 1992 წლის ქართულ-აფხაზური ომის წინა დღეს, აფხაზმა პოლიტიკოსმა ტარას შამბამ წარადგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთობების კონფედერაციულ მოდელს, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს პროექტი აფხაზეთის პარლამენტში უნდა განხილულიყო, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და ომი დაიწყო.

“მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ამაზე საუბარი არ არის”- ხაზგასმით აღნიშნა შამბამ.

მან ასევე გაიხსენა, რომ 2008 წელს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინა დღეს, რუსეთმა შესთავაზა საქართველოსთან კონფედერაციული ურთიერთობების დამყარება, მაგრამ პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ წინადადებაზე.

“ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ისინი თავიანთი გზით მიდიან, ჩვენ კი- ჩვენი გზით”, – განაცხადა შამბამ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კოაბახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“.

კობახიძის განხადებით, მათი „აღთქმული მიწა” ანუ „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე ძლიერ და ევროპულ საქართველოში აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ცხოვრებაა:

„ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის:

„3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაყარზე სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას, შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

106 წლის წინ, 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც, მართალია, მხოლოდ, 3 წელიწადი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს, საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი