სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსახლეობამ გააკეთა შეუქცევადი არჩევანი თავისი სუვერენული სახელმწიფოებრიობის ასაშენებლად და რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების განმტკიცების სასარგებლოდ, რაც რესპუბლიკის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია.
დე ფაქტო სამინისტრომ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, სადაც სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების გეგმების შესახებ ისაუბრა.
“ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში გაკეთებულ განცხადებაზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობასთან საერთო მომავლის სურვილის შესახებ. ამჯერად ხმამაღალი განცხადებები, როგორც ჩანს, დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. განაცხადი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, რომელიც გააზიარა “ქართული ოცნება”, იცხოვროს “ერთიან და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის ოს და აფხაზ ძმებთან ერთად” ,- ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ [დე ფაქტო] აღნიშნა, რომ “კიდევ ერთხელ უნდა განელდეს ბატონი კობახიძის მეოცნებე განწყობა და რეალობაში დაბრუნდნენ ის და სხვა “მეოცნებეები”, რაც გამოიხატება მიმდინარე სერიოზულ შიდაქართულ პოლიტიკურ კრიზისში და ამის ფონზე, მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში”.
“ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტორები. საქართველოს ხელმძღვანელობის უუნარობა კი, გაუმკლავდეს მათ, არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბატონ კობახიძის მიერ გახმიანებული “ევროპული ოცნების” ასრულების ვადებს, არამედ შეიძლება გახდეს რეალური საფრთხე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
სამხრეთ ოსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი საუბარი ე.წ. საქართველოსთან შეერთებაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან გრძელვადიან სისხლიან ბრძოლაში, გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის” ,- ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კოაბახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“.
კობახიძის განხადებით, მათი „აღთქმული მიწა” ანუ „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე ძლიერ და ევროპულ საქართველოში აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ცხოვრებაა:
„ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.
კობახიძის თქმით, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის:
„3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაყარზე სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას, შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.
106 წლის წინ, 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც, მართალია, მხოლოდ, 3 წელიწადი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს, საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.