ახალი ამბები

ცესკო: საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნებისთვის 628 სამხედრო დარეგისტრირდა

16 ოქტომბერი, 2015 •
ცესკო: საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნებისთვის 628 სამხედრო დარეგისტრირდა

რაც შეეხება უბანს, ცესკოს სპიკერის თქმით, შექმნილია 1 საარჩევნო უბანი, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია საოლქო კომისიის სხდომის ოქმის ცესკოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

რაც შეეხება წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში დარეგისტრირებულ სამხედრო პირებს, ცესკოს სპიკერის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საგარეჯოში, სოფელ უდაბნოში 37 სამხედრო იყო რეგისტრირებული დისლოკაციის ადგილის მიხედვით; 2013 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუხროვანში – 64 ამომრჩეველი, სოფელ მანავში – 9 ამომრჩეველი და სოფელ უდაბნოში  – 23 ამომრჩეველი; 2014 წელს კი არჩევნებზე რეგისტრირებული სამხედროების რაოდენობა მუხროვანში – 60, მანავში – 4, სოფელ პალდოში – 30 და სოფელ უდაბნოში – 21.

 

საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა განცხადება, რომ მუხროვანში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის 549–მდე წინასაარჩევნოდ გაზრდა კითხვებს აჩენს. ინაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ცესკო არ დაუშვებდა სპეცუბნის შექმნას. 

 

 



რამდენიმე დღის წინ, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ჩვენი პარტიის წარმომადგენელმა დასვა მუხროვანის სამხედრო ნაწილში გა…

Posted by ირმა ინაშვილი on Friday, October 16, 2015

 

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი კი განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მუხროვანში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დღევანდელზე მეტი, 727 სამხედრო იყო, თუმცა მაშინ საკონტრაქტო მოსამსახურეთა ნაწილმა ხმა მისცა მისი საცხოვრებლის მიხედვით, ვინაიდან ბატალიონი წინაგადასროლის მომზადების კურსზე იყო მივლენილი კრწანისში და მიეცათ არჩევანი, ხმა სწორედ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცათ. რაც შეეხება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს, ხიდაშელის განცხადებით, მთლიანი ბატალიონი იმყოფებოდა ავღანეთში და, შესაბამისად, ისინი ხმას ევრ მისცემდნენ. ადგილზე ყოფნის შე,მთხვევაში, ხიდაშელის განმარტებით, მათი რაოდენობა 601 იქნებოდა.

 

 



არის ხალხი რომლის პოსტებზეც კომენტარს არ ვაკეთებ. თმენის ვალდებულება კარგად ვისწავლე და დავიჯერე. :) არც ეხლა დავწერდი,…

Posted by Khidasheli Tinatin on Friday, October 16, 2015

 

 

ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე ნეტგაზეთთან პროცედურას განმარტავს. მისი განცხადებით, ამომრჩეველთა სპეციალური სია საარჩევნო კოდექსის 32–ე მუხლის საფუძველზე იქმნება.

 

სწორედ 32–ე მუხლის დ ქვეპუნქტის თანახმად, აქ შედიან “საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს”.

 

მისივე განცხადებით, ინფორმაციას ვადიანი და საკონტრაქტო მოსამსახურეების შესახებ ფლობდა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური. ამიტომაც, სპიკერის თქმით, სია სწორედ უწყებამ მოამზადა და გადასცა საოლქო საარჩევნო კომისიას. 

 

სპიკერი განმარტავს, რომ ცესკოს დამტკიცებული აქვს საარჩევნო ღონისძებათა გრაფიკი, რომლის თანახმადაც არაუგვიანეს არჩევნებამდე 15–ე დღისა, 18:00 საათამდე აქვს ვადა სამხედრო/გასამხედროებულ ნაწილს, რომ  მიაწოდოს ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიას ზუსტი რაოდენობის შესახებ, რამდენი სამხედრო არის კონკრეტულად ამ სიაში. ეს ვადა საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში 16 ოქტომბერს, 18:00–ზე ამოიწურა. ანა მიქელაძის თქმით, ცესკომ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც შეახსენეს კანონისმიერი ვადები, თუ როდის უნდა მოეწოდებინათ საოლქო კომისიისთვის ინფორმაცია.

 

მისი განცხადებით, საგარეჯოს ოლქში ამ სიაში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა ხმას აძლევს სწორედ მათი დისლოკაციის ადგილის მიხედვით. თუმცა ანა მიქელაძე იქვე დასძენს, რომ თუკი ამომრჩეველს ხმის მიცემა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სურს, მან არჩევნებამდე არაუგვიანეს მეთექვსმეტე დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

 

პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული წესით 2015 წლის 31 დეკემბერს მხოლოდ საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში იმართება. საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი და საინიციატვო ჯგუფების კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე და მიხეილ ანდღულაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი