თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, 16 ოქტომბერს, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით, 150–ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.
“ამ შემთხვევაში ჩერგოლეიშვილის დაკავება ნამდვილად არ არის რელევანტური და ადეკვატური ღონისძიება პოლიციელების მხრიდან იმიტომ, რომ თუ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩადიოდა, მას შეიძლება ჯარიმა დაეკისროს, ამას არ სჭირდება არავითარი გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში და ა.შ. წარმოვიდგინოთ, რომ ყველა მძღოლი, რომელიც წითელზე გაატარებს მანქანას და ჯარიმა მოსდის სახლში, პოლიციის თანამშრომელმა გადაიყვანის პოლიციის განყოფილებაში, რამდენად იქნება ეს სწორი გადაწყვეტილება. დაახლოებით იმავე სახის ღონისძება განახორციელა ახლა პოლიციის თანამშრომელმა. ვთვლი, რომ ეს არის არაპროპორციული გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების კონტექსტშიც იმიტომ, რომ დღეს იყო აქცია, რომელზეც ჩერგოლეიშვილი და იქ მისული ნებისმიერი ადამაინი გამოხატავდა საკუთარ პოზიციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემაზე, საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე და ამიტომ, შესაბამისად, მისი დაკავება არის სრულიად არაპროპორციული ღინისძება მომხდარის გათვალისწინებით,”–აცხადებს თამარ კორძაია.
კორძაიას განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებს.
“მახსოვს, მაგალითად, ირაკლი კაკაბაძემ ჩაატარა აქცია და ჯორჯ ბუშის ქუჩაზე ჯორჯ ბუშის პლაკატი შეღება, გააფუჭა და პოლიციელებმა წაიყვანეს განყოფილებაში. მაშინ თუ იყოს ეს გასაპროტესტებელი, დღესაც გასაპროტესტებელია,”– ამბობს დეპუტატი.
კორძაია საუბრობს ევროპის სამართალში დამკვიდრებული პრაქტიკზე, რომელსაც კანონის ძალა აქვს და საუბარია იმის შესახებ, არის თუ არა თანაზომიერი ხელისუფლების ქმედება დარღვევის აღსაკვეთად. კორძაია ამბობს, რომ თუ პირი ჩადიოდა 150–ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, რაც ჯარიმას ითავლსწინებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი უნდა დააკავო.
“მით უმეტეს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. ეს არის გადაჭარბებული უფლებამოსილება პოლიციელების მხრიდან იმიტომ, რომ ის სხვას არ ერჩოდა, ის არ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ის სხვა მომიტინგეს არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა და ა.შ. პოლიცია ვალდებულია გადაიყვანოს და დააკავოს აქციის მონაწილე მაშინ, როდესაც აქციის მონაწილის მოქმედება სხვა ადამიანებს უქმნის საფრთხეს და მაშინ ის ვალდებულია, რომ ეს საფრთხე გაანეიტრალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ აკავებ და რატომ გადაგყავს პოლიციის განყოფილებაში, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება,”– განაცხადა თამარ კორძაიამ ნეტგაზეთთან.
ჩერგოლეიშვილის გარდა, ტაბულას რედაქტორის, ლევან რამიშვილის ინფორმაციით, ასევე დაკავებული არიან პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი.
ლევან რამიშვილის ცნობით, ისინი ოპერის თეატრის ღობეზე აკრავდნენ გაზპრომთან მოლაპარაკებების საწინააღმდეგო პლაკატებს, რა დროსას პოლიციამ დააკავა სალომე ხვადაგიანი. ვითარების გასარკვევად მივიდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და ლექსო მაჭავარიანი, რის შემდეგაც ისინიც დააკავეს. ლევან რამიშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს მალე სასამართლოში გადაიყვანენ.
ხვალ, 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაზპრომთან მოლაპარაკებების საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.
რას ნიშნავს ეს? რად უნდა ამას დაკავება? თუ ამახინჯებს გაუგზავნე ჯარიმა და ეგაა? სირცხვილია მართლა რაა! ირაკლი კაკაბაძეს რომ აკავებდა წინა ხელისუფლება მსგავსი ქმედებების გამო ხომ არ მოგვწონდა?!
Posted by Tamuna Kordzaia on Friday, October 16, 2015