“მთლიანობაში რესპუბლიკის საზოგადოება ნეგატიურად შეხვდა ამ ფაქტს. კითხვა ჩნდება, რით განსხვავდება ამ სოფლის მოსახლეობა სხვა სოფლების მოსახლეობისგან, რადგან ეს პრობლემა მხოლოდ ზარდიაანთკარს არ ეხება. საქართველო-ოსეთის საზღვრის ზოლში მდებარე სხვა სოფლებშიც ცხოვრობენ ერთმანეთის ახლობლები. თუ ეს პრეცედენტი გახდება, მაშინ რაღაში გამოიხატება საზღვრის დაწესება”.
ვაზაგოვის თქმით, ოსეთში უფრთხიან იმასაც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ არსებობს ტერორისტული კერები, მაგალითად, პანკისის ხეობაში, და უსაფრთხოების კუთხით მათთვის რისკები გაიზრდება.
“რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული საკითხები გასათვალისწინებელია, მაგრამ აქ უფრო ფართო კონსტექტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამ გადაწყვეტილების ავტორთა ლოგიკა ცოტა გაუგებარია იმიტომ, რომ პირველ რიგში აქ სახელმწიფო საზღვრის ხაზის გატარების პრობლემა გამოჩნდა – ოსეთის სოფლების ნაწილი, რომელიც აქამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებად მიიჩნეოდა, ახლა უცებ იმ მხარეს აღმოჩნდა და მათ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პრობლემა შეექმნათ. ახლა სხვა სოფლების მოსახლეობასაც, რომელთაც ნათესაური კავშირები და ჩვენი პასპორტები აქვთ, ასევე შეუძლიათ თხოვნით მიმართონ, რომ გადაადგილება გაუმარტივდეთ”.
როგორც ცხინვალის ოფიციალური პირები აცხადებენ, “კიდევ ერთი გამშვები პუნქტის გახსნა საქართველოსთან გააიოლებს სასზღვრო სოფელ ხელჩუასა და ქართულ სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრებთა გადაადგილებას”.
ოფიციალური ცნობითვე, საუბარია “სამხრეთ ოსეთის მხოლოდ 17 მოქალაქეზე, რომლებიც ქართულ სოფელში ცხოვრობენ”.
გამშვები პუნქტის გახსნაზე ოფიციალური განცხადება თბილისს არ გაუკეთებია.
“მსგავსი პუნქტების გახსნით პირობების შედარებით გაუმჯობესება ხდება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისგან. ჭეშმარიტება იქნება, როდესაც რუსეთი საერთოდ გავა ამ ტერიტორიიდან”, – აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
| |||