ახალი ამბები

„წარმოუდგენელია ეს ყველაფერი“ – კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

22 მაისი, 2024 •
„წარმოუდგენელია ეს ყველაფერი“ – კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა “პოლიტიკურად მიკერძოებულია და სამართლებრივ დასაბუთებას” არ შეიცავს.

ამის შესახებ მან დღეს, 22 მაისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები. გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანა.

ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა. თურმე, ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა გაჯერებულია მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა, არანაირი შინაარსობრივი განხილვა არ ყოფილა“, – განაცხადა კალაძემ.

ვენეციის კომისიამ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონზე რეკომენდაციები 21 მაისს გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მისი ამ ფორმით არმიღებისა და გაწვევისკენ მოუწოდა.

ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

ვენეციის კომისიის დასკვნით, აღნიშნული კანონი მსგავსია რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში სხვადასხვა დროს მიღებული „უცხოეთის აგენტების“ კანონებისა. აგრეთვე, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის“ მუხლებს, რაც გულისხმობს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, პირადი ცხოვრების უფლებას და სხვა უფლებებს.

ვენეციის კომისია რუსულ კანონს უარყოფითად აფასებს და „ოცნებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი