„რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება, თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე სურვილი გამიჩნდა გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების, ასეთი ტიპის, ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ მშვიდად მიუდგეს ამ საქმეს. ეს საქმე არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში ამ მოსამართლეს, მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე საქმის განხილვის მშვიდ გარემოში საშუალება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გუშინ, 12 ოქტომბერს “რუსთავი 2″–ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია, რომ 2014 წლის 7 იანვარს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედამ, მდინარა გიორგობიანმა თავისი სიძე ვალერი სილაგაძე ნაჯახით დაჭრა. ვალერი სილაგაძე ამბობს, რომ დავა შეეხებოდა ბინას, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის დარეჯან ურთმელიძის საკუთრება იყო.
ვალერი სილაგაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ მაშინ ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა იგი არ უცვნიათ დაზარალებულად 2015 წლის ივლისამდე, მას შემდეგ, რაც თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა დაიწყო.
რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსამართლის ოჯახის წევრი პროკურატურის მძევალია და მას პატიმრობა ემუქრება.
“იგი არის შანტაჟის მსხვერპლი პროკურატურის მხრიდან. პროკურატურა მანიპულირებს ამ ოჯახის წევრით და, შესაბამისად, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ მოსამართლე ურთმელიძე ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე “რუსთავი 2”-ის მეწილეებსა და ქიბარ ხალბვაშის დავას განიხილავს. სასამართლომ საქმე წარმოებაში 2015 წლის 10 აგვისტოდან მიიღო. ხოლო 2015 წლის 6 აგვისტოს “რუსთავი 2”-ის ქონების ნაწილი დააყადაღა.
2015 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.





