ახალი ამბები

ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არაა, შესაძლოა, გადაიხედოს — ესტონეთის საგარეო მინისტრი

17 მაისი, 2024 •
ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არაა, შესაძლოა, გადაიხედოს — ესტონეთის საგარეო მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არის და შესაძლოა, გადაიხედოს.

მარგუს ცაჰკნას განცხადებით, მის ბალტიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტისას მთავრობასთან ეს მკაფიო მესიჯი ჰქონდათ.  მისი თქმით, თუ რუსულ კანონთან დაკავშირებით მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებას არ გადახედავს, მაშინ ამაზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.

როგორც მარგუს ცაჰკნა აცხადებს, საქართველოს საკითხს ევროკავშირის დონეზე დააყენებენ.

ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ DW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს. ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება“, – განცხადა მარგუს ცაჰკნამ.


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისის გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ. ისინი იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზეც რუსთაველზე, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაში დაადანაშაულეს.

საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი.

კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

რუსული კანონის ხელახალმა ინიციირებამ გამოიწვია უწყვეტი მრავალათასიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში. „ქართული ოცნებას“ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მზადყოფნა გამოთქვა, პრეზიდენტის ვეტოში ასახონ ვენეციის კომისიის დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტოს დადებით არ შევიდოდა ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. რუსული კანონის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ვეტოს ფარგლებში შესაძლო გამოსავლის პოვნაზე მიანიშნეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, ყველაზე
საუკეთესო გამოსავალი კანონპროექტის საერთოდ გაუქმებაა, სხვა შემთხვევაში კი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრების შემდეგ „ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად“ საუკეთესო გზის მოძებნაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის თქმით, „ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული“, ამავდროულად, „ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რამე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება“. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელთანაც, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თანამშრომლობს, ვენეციის კომისიაა. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონზე მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს.

ამ თემაზე:

როგორია ვეტოს პროცედურა და როგორ მოიქცევა პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი