ახალი ამბები

ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

17 მაისი, 2024 •
ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა მას 13 მაისის ანტირუსულ აქციაზე პოლიციელისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმას ედავება.

მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარეს სურდა ოკმელაშვილის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, თუნდაც ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით.

„წარმოდგენილი იყო შაბლონური შუამდგომლობა, აბსოლუტურად ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა. მოვისმინეთ თეორიული მტკიცებულებები, შაბლონური ტექსტი.  მოსამართლემ არამხოლოდ გაიზიარა ეს არგუმენტები, არამედ შეჯიბრებითობის პრინციპს გასცდა და ის არგუმენტიც დაასახელა, რაც არ დაუსახელებია პროკურორს — იმსჯელა გაქარწყლებულ ნასამართლობაზე და ისიც თქვა, რომ არაფერ კავშირში არ არისო, მაგრამ პატიმრობას მაინც გამოვიყენებო, ერთ-ერთი არგუმენტი ეს იქნებაო.

რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებებს, ეს სამწამიანი ვიდეო კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და სრულ ვიდეოს თუ ვნახავთ, იქ ჩანს, რომ ამ ნიღბიანი ადამიანების[პოლიციელები] მხრიდან ადამიანების მიმართ იყო ძალის გადამეტება,“ — განუცხადა ჟურნალისტებს ოკმელაშვილის ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ.

ოკმელაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ასევე, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაცვის მხარის ინფორმაციით, პოლიციამ მცირე რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება სარეკლამო სააგენტო „ლიმონის“ დამფუძნებლის, გიორგი ოკმელაშვილის სახლის ჩხრეკისას ამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი