თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მხარი დაუჭირა საქართველოს ევროინტეგრაციას და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს დელეგაციას თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადებები გააკეთეს.
„დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე… ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“, — განაცხადა ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს საქართველოში უმსხვილეს პროექტებში: აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში.
ერდოღანის თქმით, ერთმანეთს აღუთქვეს უსაფრთხოების მიმართულებით და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში თანამშრომლობა; გაუზიარეს ერთმანეთს შეფასებები ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე.
„მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს“, — განაცხადა ერდოღანმა.
მისივე ინფორმაციით, მოსაზრებები გაცვალეს უკრაინა-რუსეთის ომზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის“, — განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებების ქართულ თარგმანს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.