ახალი ამბები

სებ-მა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის $60 მილიონი გაყიდა

16 მაისი, 2024 •
სებ-მა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის $60 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღეს, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები:

„შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.ამასთან განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი.

ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული“ — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა:

„ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია,“ — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გუშინ, 15 მაისს ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარი დოლართან 0.0457 ლარით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7323 ლარი შეადგინა.

გუშინ, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. 16 მაისის ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9577 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0572 ლარით მეტი იყო.

შესაბამისად, გაძვირდა უცხოური ვალუტა კომერციულ ბანკებშიც. მაგალითისთვის 15 მაისს 19:00 საათისთვის „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.88 ლარი შეადგინა, „თიბისი ბანკში“ კი 1 დოლარი 2.9 ლარი ღირდა. რაც შეეხება ევროს, გუშინ საღამოს „საქართველოს ბანკში“ 1 ევრო 3.14 ლარი ღირდა, „თივისი ბანკში“ კი — 3.15 ლარი.

ამ დროისთვის კომერციულ ბანკებში გუშინდელთან შედარებით უცხოური ვალუტის ფასი შემცირებულია. 16 მაისის 14:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.83 ლარს შეადგენს, „თიბისი ბანკში“ კი — 2.84 ლარი ღირს.

რაც შეეხება ევროს, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკში“ 1 ევროს შეძენა 3.09 ლარადაა შესაძლებელი, „თიბისი ბანკში“ კი — 3.1 ლარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი