თბილისის მერიის ცნობით, რეგისტრაციის პროცესი 26 ოქტომბრამდე გასტანს, 2 ნოემბერს კი ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში პროგრამის განხორციელება დაიწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, “სასკოლო მზაობის პროგრამა”, რომელიც თამაშით სწავლების მეთოდიკას ეფუძნება, 5-6 წლის ბავშვების სასკოლოდ მომზადებას ითვალისწინებს.
“პროგრამის მიზანია ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება, მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავება, კომუნიკაციის და მეტყველების განვითარება. პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში დღეში 3-საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში განხორციელდება. ის ბავშვები კი, რომლებიც ბაღში არ დადიან, საჯარო სკოლებში, სპეციალურად გახსნილ ჯგუფებში მოემზადებიან.”– ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის ცნობით, “სასკოლო მზაობის პროგრამა”, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა და დედაქალაქის 159-ვე ბაღში განხორციელდება. ამასთანავე, მათი განცხადებით, შეიქმნა აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკლევი) და “სასკოლო მზაობის პროგრამის ყოველკვირეული აქტივობების კრებული, ასევე, შემუშავდა მასწავლებლების სატრენინგო მოდული.






