ახალი ამბები

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რა საჭირო იყო ახლა ამ კანონის მიღება?

15 მაისი, 2024 •
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რა საჭირო იყო ახლა ამ კანონის მიღება?

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ამბობს, რომ ძალიან უჭირს გაიგოს, რისთვის დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის მეორედ შემოტანა.

ამის შესახებ ბრაჟემ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე თქვა, რომელიც ლიეტუვის, ისლანდიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა.

“ევროკავშირში გაწევრება გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მიზანია, ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს პრაქტიკაში, ქვეყნის სასამართლოს, მართლმსაჯულების, აღმასრულებელი და სხვა სისტემების ევროპულ სტანდარტებზე მორგებას. ეს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა კი არ არის, ევროპული სტანდარტებია, რომლებიც სავალდებულოა ჩვენთვის, ყველასთვის. ეს გზა ყველამ უკვე გავიარეთ. ამიტომ მიჭირს გავიგო, რისთვის იყო საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ახლა”, – თქვა ბაიბა ბრაჟემ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის სიტყვაში შეეხო იმ გზას, რაც დარჩა საქართველოში რუსული კანონის გასაუქმებლად. მინისტრმა აღნიშნა, რომ არის სხვა კანონპროექტებიც, რომლებიც საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს.

“მოვისმინეთ პრეზიდენტის გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება გამოყენებული კანონპროექტის სრული გადახედვისთვის და რომ მთავრობა გადაწყვეტს, დგება ევროკავშირის გზაზე თუ არა.

არის სხვა კანონპროექტებიც, რომელთა შესახებაც შეშფოთებას გამოვხატავთ. გვაშფოთებს ის ძალადობა, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს. მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს”, – თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მინისტრების სტუმრობა მეგობრების ვიზიტია და არა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევის მცდელობა.

„იმის გამო, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, იმის გამო, რომ ქართველების 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ჩვენ, ბალტიისა და ნორდიკულმა ქვეყნებმა საქართველოს ამ მიზნების მხარდასაჭერად, ფინანსური, პოლიტიკური და სხვა სახის კაპიტალის ინვესტიცია მოვახდინეთ.

მსურს ცხადად დავაფიქსირო, რომ ეს ინტერესი უცვლელია და ჩვენ საქართველოს ევროკავშირის ნაწილად ვხედავთ. მისი ევროპული გზა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც უკრაინის, ალბანეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების”, – თქვა ბაიბა ბრაჟემ.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვეტოს დადებით რუსულ კანონზე ის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან არ შევა.


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

ამავე თემაზე:

“ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის” – მარგუს ცახნა

“კანონპროექტს კოსმეტიკურად ვერ გაალამაზებთ” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის- 11 სენატორის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი