ახალი ამბებიკომენტარი

რატომ არის კანონპროექტი ანტისახელმწიფოებრივი? — კახა მაღრაძის 3 არგუმენტი

15 მაისი, 2024 •
რატომ არის კანონპროექტი ანტისახელმწიფოებრივი? — კახა მაღრაძის 3 არგუმენტი

საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღაძე აქვეყნებს სამ ძირითად არგუმენტს, რის გამოც, მედიისა და სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობის საფარქვეშ მიღებული სადავო კანონპროექტი საზიანოა ქვეყნისთვის.

კახა მაღრაძე ამბობს, რომ ამ კანონს არ უწოდებს „რუსულს“ და შეგნებულად არ იყენებს ტერმინს „მოღალატე“, თუმცა დასძენს, რომ კანონის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი.

თუმცა მისი ყველა არგუმენტი ანალოგიურია იმ არგუმენტებისა, რის გამოც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს. გარდა ამისა, პოსტის კომენტარებში თავად მაღრაძეც წერს, რომ კანონი რუსულია და მისი არგუმენტებიც სწორედ ამის თქმას ემსახურება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი და ყველა ის პროცესი, რაც მოჰყვა ამ კანონის მიღებას არის ანტისახელმწიფოებრივი, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და ანტიჰუმანური. ჰოდა, მინდა გაგიზიაროთ პუნქტობრივად არგუმენტები ამის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე გაითვალისწინებს. მაინც ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ავხსნა. ავხსნა, პირველ რიგში, ხელისუფლების მხარდამჭერი ჩემი მეგობრებისთვის. შეიძლება რამის გამეორება მომიწიოს წინა არგუმენტაციიდან, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემიანებს კიდევ ერთხელ გავუმეორო ეს არგუმენტები.
ჰოდა, ესეც არგუმენტები. თანაც სულ სამი:

არგუმენტი #1: ეს კანონი არაა გამჭვირვალობისა და შავი ფულის გაჩერების იმიტომ, რომ გამჭვირვალობის მექანიზმები ისედაც არსებობს და გამჭვირვალობა კიდე თავისთავად შავ ფულს არ აჩერებს. თან, შავი ფულის კონტროლის და შეჩერების სხვა მექანიზმებიც აქვს სახელმწიფოს და ტრ**ის თამაშია ამ არგუმენტების მოყვანა. აქვე გაგახსენებთ, რომ კანონის საჭიროების არანაირი დასაბუთება არ ყოფილა. არ ყოფილა რაიმე სტატისტიკა, ან რაიმე გენერალური კვლევა, რითიც დადასტურდებოდა, რომ აუცილებელია ეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი. ეს კანონი არის მედიის და სამოქალაქო სექტორის კონტროლის, უფრო სწორად მათზე ზეწოლის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი. თან, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებს უწოდებ, სტიგმატიზირებას მოახდენ და თან როცა გინდა მაშინ რომ შეამოწმებ, აი ასეთი კანონია. სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა კი დიქტატურისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ეს კიდევ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

არგუმენტი #2: კანონპროექტის ტექსტს, მის რუსულობას თუ ამერიკულობას რომ თავი დავანებოთ, აქ დიდი პრობლემა ისაა, თუ როგორ აისახა ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობასა და დასავლური ინტეგრაციის პროცესზე. ევროპარლამენტის რეზოლუციას, სენატორების წერილს და მსგავს დოკუმენტებს რომ არ მივაქციოთ ყურადღება (რაზეც ოცნება ამბობს, რომ მაგ ყველაფერს არანაირი ძალა აქვს), რას ვუშვრებით აღმასრულებელი ხელისუფლების და საგარეო საქმეთა მინისტრების, პრემიერ მინისტრების თუ კანცლერების ნათქვამებს? თან მხოლოდ ერთხელ კი არ თქვეს და მერე მიიღეს ჩვენი ხელისუფლების არგუმენტები? რამდენჯერმე გაგვიმეორეს სხვადასხვა ტრიბუნიდან და სხვადასხვა ფორმით. გვითხრეს, რომ ამ კანონის მიღება შეაჩერებს ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას და პრობლემებს შეგვიქმნის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი კი არა, დამღუპველია. ეროვნულ ინტერესებში ეროვნულ ტრადიციებს და ქართველი კაცების ტრაკის დაცვას ნუ მოიაზრებთ, ოღონდ. ტერმინია ასეთი და დასერჩეთ, თუ არ იცით.

არგუმენტი #3: ეს უბრალოდ მოდიქტატურო კანონი, ან დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ამბავი რომ ყოფილიყო, აქ შეიძლებოდა კიდე კამათი. ანუ, რაც აქამდე დავწერე, ყველაფერზე შეიძლება შემოდავება, იდეაში. შეიძლება დიდ პოლიტიკურ თამაშზე ილაპარაკო, ან რეალური სუვერენიტეტის დემონსტრირებაზე და დამოუკიდებელი თამაშის თამაშზე. შეიძლება უამრავი მსგავსი არგუმენტი (სულელური, მაგრამ მაინც არგუმენტი) თქვა, მაგრამ როცა საზოგადოებაში დაპირპისპირების გაჩენას ასეთი ძალით უწყობ ხელს, როცა პოლიციელებს ქუჩაში აცემინებ ხალხს, როცა ასე ლანძღავ და უმოწყალოდ უსწორდები ახალგაზრდებს, აქ უკვე არაფრის თქმა არ შეიძლება. ამ დანაშაულს აღარაფერი გადაწონის და მაგ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა ოცნების ლიდერშიფი. ასე არ შეიძლება მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდებს. ეს ძლივს შეყვარებული პოლიცია შეგვაზიზღეს თავიდან. ძალოვნების რწმენა დაგვიკარგეს და უკვე გვეშინია მაგათი. აი ეს მოიტანა ამ მაიმუნურმა გამჭვირვალობის კანონმა. ოჯახის წევრები და მეგობრები დააპირისპირა ერთმანეთს. ხალხი და პოლიცია გადაამტერა.

პ.ს. ჰოდა, თუ თქვენ არ დამეთანხმებით ასეთ აშკარა არგუმენტებში, ესე იგი თქვენთვის დიქტატურაც, რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაც და პოლიციელების მიერ ხალხის ქუჩაში ცემაც არ წარმოადგენს პრობლემას. დაფიქრდით ამაზე!“ — წერს კახა მაღრაძე.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ მართლა სჯერა, რომ ამ კანონს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, გაიტანოს პლებისციტზე (კანონმდებლობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რეფერენდუმი ვერ ჩატარდება).


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მომიტინგეები პოლიციამ არაერთხელ დაარბია და სასტიკად გაუსწორდა არაერთ ადამიანს, ზოგ მათგანს, მათ შორის დავით ქაცარავას, სახის ძვლების მოტეხილობის გამო ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა. არის ათეულობით დაკავებული.

84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი