ახალი ამბები

“ილიას გზით ევროპისკენ” – ილიაუნის სტუდენტთა ნაწილი იფიცება

12 მაისი, 2024 •
“ილიას გზით ევროპისკენ” – ილიაუნის სტუდენტთა ნაწილი იფიცება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ორშაბათიდან, 13 მაისიდან გაიფიცება – მონაწილეობას არ მიიღებენ სასწავლო პროცესში. სტუდენტები ამის მიზეზად ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას ასახელებენ, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას საფრთხეს უქმნის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი არჩევანია “ილიას გზით ევროპისკენ” სიარული, მმართველ პარტიას კი მოუწოდებენ, უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე.

“დღეს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რუსული კანონები და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს. ხელისუფლების, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისა და მათი პირადი ზონდერ-ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენება, პროტესტში ჩართული მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, დაშინება რუსული ხელწერაა და ამით ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს.

იმ საქართველოში, სადაც გაძლიერებულია რუსული გავლენა, ფასს კარგავს ყველაფერი. მათ შორის, განათლებაც. შესაბამისად, ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას. არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში”, – ვკითხულობთ სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ სხვა სტუდენტებსაც, შეუერთდნენ მათ პროტესტს და მადლობას უხდიან იმ ლექტორებს, რომლებმაც მათ გადაწყვეტიოლებას მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილმა გუშინ, 11 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გაფიცვის შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან საკუთარ სტუდენტებს.

“ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს. რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ!”, – წერია ილიაუნის ლექტორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაფიცვის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 

“ჩვენ უკან დგას ათასობით სტუდენტი, რომელიც არ აპირებს დათმოს ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი”, – აცხადებენ ისინი.

ცნობილია, რომ გაფიცვას უერთდებიან სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებიდანაც. მათ შორის არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელობის უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ალტე უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი