ანტირუსული აქციების მხარდასაჭერად ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტები კონცერტების სერიას აანონსებენ. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა მოხმარდება საპროტესტო აქციების საჭიროებას.
მათი თქმით, საქართველოს გეზი ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდნ გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან:
„არაერთხელ დამიფიქსირებია და კიდევ მრავალჯერ დავაფიქსირებ ჩემს აზრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოს ადგილი არის ევროპაში, რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს მტერი. ჩვენ, ქართველმა არტისტებმა გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ლაივ საღამო ჩვენი აზრის და ხალხის აზრის დასაფიქსირებლად. 10 მაისს კოკაკოლის ძველ ქარხანაში 9 საათიდან გელოდებით ყველას“ ,— ამბობს ჰიპ-ჰოპ არტისტი Taha.
მიმართვა გაავრცელა კიდევ ერთმა არტისტმა- Pele მსმენელს დღევანდელ ლაივზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ შემოსული თანხით მხარს დაუჭერენ იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაშია გამოსული თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად:
„10 მაისს ყოფილი კოკაკოლის ქარხანაში გავმართავთ ჰიპ-ჰოპ ლაივს, სადაც მხარს დავუჭერთ ევროპულ მომავალს და შემოსული თანხით დავეხმარებით იმ ხალხს, ვინც გამოსულია გარეთ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად. კარი გაიხსნება 9 საათზე, გელოდებით ყველას“ ,— აცხადებს არტისტი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:
- Cas
- Skyress
- Pele
- Nick Green
- Taha
- Dzvali
- DJ Bone
- Dj Gigi Chichua
საქველმოქმედო კონცერტების სერია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ინიციატივით იმართება. პროექტის მიზანია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისათვის დახმარება, მათ შორის, დაკავებული აქტივისტების ჯარიმების თანხების მობილიზების კუთხით.