ახალი ამბები

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ

9 მაისი, 2024 •
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ

მე-3 დღეა მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ, სხვადასხვა ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებიან. ზარები თავდაპირველად სხვა ქვეყნის ნომრებიდან შემოდიოდა, მოგვიანებით – უკვე ქართული ნომრებიდანაც.

ურეკავენ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებს და რიგით მოქალაქეებს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს. მათ შორის, მშობლებს, ბებია-ბაბუებს, არასრულწლოვან შვილებს, ქმრებს და ცოლებს და ა.შ.

გარდა ამისა, დღეს, 9 მაისს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ოფისებთან გააკრეს მადისკრედიტებელი, სიძულვილისა და ძალადობის წამახალისებელი პლაკატები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში აზიარებს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ზარი ჩვენს მობილურზეც შემოვიდა. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამუშაო, ან საცხოვრებელი სივრცის ირგვლივ გააკრეს პროპაგანდისტული პლაკატები.

“ნეტგაზეთი” უცველად გთავაზობთ იურისტის პოსტს:

“ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენს შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს ფაქტები არ უნდა დარჩეს დოკუმენტირების გარეშე.

თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ:

  1. მიმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ვალდებულია შეისწავლოს, სახელმწიფო ბაზებზე წვდომა ვის ჰქონდა და საიდან გამჟღავნდა თქვენი პერსონალური მონაცემები;
  2. მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს/პროკურატურას. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. ტელეფონზე განუწყვეტელი რეკვა, დევნა, მათ შორის, თუ მას თან ახლავს მუქარა, დანაშაულია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა/პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს ქმედებები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები. ამ ნაწილში არის რისკი, რომ თქვენს ტელეფონს დროებით საგამოძიებო ორგანო დაიტოვებს, თუმცა, წესით, ეს არ სჭირდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებას.

თუ თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები:

  1. დაუკავშირდით თბილისის მერიას. თბილისის ქუჩებში ასეთი პლაკატების გაკვრა სამართალდარღვევაა, რომლის აღკვეთა, მათ შორის, პლაკატების ჩამოხსნა, თბილისის მერიის ვალდებულებაა. ამ ფაქტების შესახებ დამატებით საგამოძიებო ორგანოსაც შეგიძლიათ აცნობოთ, რადგან დევნის ერთ-ერთი ფორმაა ეს.

მალე მოვამზადებთ შესაბამისი უწყებებისათვის მიმართვებისთვის განცხადების შაბლონებსაც და გაგიზიარებთ”.

პერსონალურ მონაცემთა დავის სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი