ახალი ამბები

კიდევ რა გჭირდებათ, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს – ლექსმანი ბორელს და მიშელს მიმართავს

9 მაისი, 2024 •
კიდევ რა გჭირდებათ, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს – ლექსმანი ბორელს და მიშელს მიმართავს

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ღია რეესტრის შექმნის დაანონსებას, სადაც გეგმავენ იმ ადამიანთა შეყვანას, ვინც ონლაინ სივრცეში ხელისუფლებას აკრიტიკებს და მათვე აზრით „სიძულვილს და ზიზღს აღვივებს“.

ამის შესახებ ის X-ზე წერს.

მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართა კითხვით, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს.

„ძვირფასო ჯოზეფ ბორელო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტო, კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის, გაიყინოს ევროკავშირის დაფინანსება და შეწყდეს წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა?

ახლა დროა გადავარჩინოთ ქართული დემოკრატია და დავდგეთ ხალხის გვერდით“, – წერს მირიამ ლექსმანი.

მირიამ ლექსმანი X-ზე კიდევ ერთი პოსტით გამოეხმაურა საქართველოში ოპოზიციის წევრებსა და აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმებს და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზღვარი გადალახა.

მან ისევ მიმართა ჯოზეფ ბორელსა და შარლ მიშელს, რომ „სიტყვების დრო დასრულდა“ და დროა, ევროკავშირი ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს.

„ეს უნდა შეწყდეს! მუქარა, თავდასხმა, ცემა, შევიწროება. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ზღვარი გადალახა და საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის“, – წერს მირიამ ლექსმანი.


უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

გუშინ, 8 მაისს ღამით, ცნობილი გახდა, რომ თავს დაესხნენ აქციების 3 მონაწილეს ენმ-ის წევრ დიმა ჩიქოვანსა, ყოფილ დიპლომატს გია ჯაფარიძეს და ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.

ამასთან, 8 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი აზრით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართალდამცავების, არამედ „საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესების“ დაცვაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი