ახალი ამბები

გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, თუმცა უნდა მოხდეს სწორი გზებით — იოსელიანი

5 აპრილი, 2024 • 1211
გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, თუმცა უნდა მოხდეს სწორი გზებით — იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არ იყოს წინააღმდეგობაში სტრატეგიული მოკავშირეების და სამოქალაქო საზოგადოების აღქმასთან წინააღმდეგობაში და არ მოახდენს ვინმეს დემონიზებას.

„ქვეყანას აქვს გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი და ეს მიზანია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ამ მიზნის მიღწევის გზაზე აუცილებელია, ყველაფერი გავაკეთოთ. შეიძლება პოლიტიკოსებისთვის დებატების საგანი იყოს, თუმცა თვითონ კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, არის ლეგიტიმური. ოღონდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია, მოხდეს სწორი გზებით. თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ არის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას“, — განაცხადა იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

თუ გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი პოლიტიკურ წინააღმდეგობაში მოდის სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, ლევან იოსელიანის თქმით, „საკითხი უნდა იყოს გადახედილი“.

გასულ წელს დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში ე.წ. რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდა. „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

ლევან იოსელიანი დღეს ამბობს, რომ არ იცის, საბოლოოდ რა ფორმით იქნება კანონი მიღებული.

„თუ მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, ჩვენი ვალდებულებაა ეს გავაკეთოთ. ამ წუთში პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან სჭირდება დრო და სპეციალური ჯგუფის მიერ შესწავლა“, — განაცხადა იოსელიანმა.

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი