ახალი ამბები

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები ნაღმზე აფეთქდნენ

1 ოქტომბერი, 2010 • • 1125
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები ნაღმზე აფეთქდნენ

სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვრცელდება. 

სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ.

,,ყველაფერი კეთდება მათი უმოკლეს ვადაში სამშობლოში გადმოსვენებისთვის’’, – წერია სამინისტროს ვებ–გვერდზე.

,,ნეტგაზეთი’’ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკაშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ რაიმე დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ. ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის და ბაჩო ახალაიას შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში, ჰელმანის პროვინციაში, 4 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.

ამავე შეხვედრაზე რასმუსენმა სამშვიდობო მისიის შესრულებისათვის მომზადებულ  ასეულს მიმართა და განაცხადა, რომ  ავღანეთში მისია რთულია და ქართველები მას,  ამერიკელებთან ერთად,  ერთ–ერთ ყველაზე ძნელ, ჰელმანის  პროვინციაში ასრულებენ.

“ისინი  ავღანელებს მშვიდობისა და უსასფრთხოების დამყარებაში ეხმარებიან, რათა მათ  მომავალში თავად უზრუნველყონ  საკუთარი უსაფრთხოება” – აღნიშნა  ნატოს გენერალურმა  მდივანმა.

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი – მუხრან შუკვანი ერთი თვის წინათ დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი