ახალი ამბები

ვაზიანის სამხედრო ბაზასთან კობახიძემ ახალი სტადიონის აშენება დააანონსა

22 აპრილი, 2024 • 722
ვაზიანის სამხედრო ბაზასთან კობახიძემ ახალი სტადიონის აშენება დააანონსა

დღეს, 22 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზასთან, სადაც თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი, ახალი საფეხბურთო/სარაგბო სტადიონი აშენდება.

კობახიძის თქმით, ახალი სტადიონი გათვლილია 70 ათას მაყურებელზე და იქნება ე.წ. ბრიტანული სტილის — გარშემო არ ექნება სარბენი ბილიკები.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალ სტადიონს ექნება შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო მასშტაბის მატჩებს. მისივე თქმით, საქართველო გააკეთებს განაცხადს, რათა 2028 წელს ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს.

როდესაც ცნობილი გახდა ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახალი აეროპორტის მშენებლობის განზრახვის შესახებ, იდეა გააკრიტიკა პროფესიონალთა ნაწილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ თქვა, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება. მისი შეფასებით, სამხედრო ბაზასთან მსგავსი სახის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნა მნიშვნელოვნად შეასუსტებს სამხედრო ბაზის პოტენციალს და  მთავარ ფუნქციას დაუკარგავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი