ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

30 სექტემბერი, 2010 • • 1209
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ განცხადება გაავრცელა შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია:

“2010 წლის 29 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში უკანონო „საზღვრის სადემარკაციო საუშაოები” დაიწყეს.

რუსეთის აღნიშნული ქმედება არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის” შესახებ ხელშეკრულებას და წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რომლის შედეგად კიდევ უფრო იზღუდება ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება და ირღვევა მათი საკუთრების უფლება. მსგავსი ქმედება ასევე დამატებით სირთულეებს შეუქმნის მიმდებარე ტერიტორიების, განსაკუთრებით კი სოფელ დიცის წყლით მომარაგებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთისაგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაცია და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ უკანონო ქმედებაზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი