ახალი ამბები

უცხოელი ინვესტორებისგან არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მივიღეთ — EBA რუსული კანონის გაწვევას ითხოვს

20 აპრილი, 2024 • 792
უცხოელი ინვესტორებისგან არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მივიღეთ — EBA რუსული კანონის გაწვევას ითხოვს

„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ (EBA) დირექტორთა საბჭო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართავს, გაიწვიონ „რუსული კანონი“, რომელიც „პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაცულ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რაც აფერხებს საქართველოს წინსვლას ამ გადამწყვეტი მიზნისკენ.“

პაპუაშვილისთვის 17 აპრილს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უცხოელი ინვესტორებისა და ევროპელი პარტნიორებისგან ასოციაციაში არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მიიღეს.

„ეს კანონპროექტი არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს, არამედ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვაკუთხედი საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. თუმცა არსებული წინადადება (კანონპროექტი) პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაცულ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რაც აფერხებს საქართველოს წინსვლას ამ გადამწყვეტი მიზნისკენ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს – ინვესტიციები კი განუყოფელი კომპონენტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

როგორც უმსხვილესი ევროპული ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, ჩვენ უკვე მივიღეთ არაერთი უარყოფითი გამოხმაურება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და უცხოელი ინვესტორებისგან. გამჭვირვალობის ხელშეწყობის ნაცვლად, კანონპროექტი აუარესებს ქვეყნის რეპუტაციას და უსამართლოდ გამოყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და უგულებელყოფს მმართველობისა და ფინანსური ანგარიშგების ჩარჩოებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობას,“ — აცხადებს „ევროპული ბიზნეს ასოციაცია“.

ასოციაციის განცხადებით, მათი მთავარი შეშფოთების საგანია პოტენციურ ნეგატიურ შედეგები, რაც დაემუქრება სასიცოცხლოდ აუცილებელ უცხოური დახმარების ინიციატივებსა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს საქართველოში.

„როდესაც ყველა ამ ინიციატივას და ძალისხმევას ნათლავ „უცხო ძალის ინტერესებად“, ეს ძირს უთხრის მათ ლეგიტიმაციას და აყენებს მათ დახურვის საფრთხის წინაშე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს განვითარებას და დემოკრატიულ პროგრესს.

არსებითი უარყოფითი შედეგების და მისი შეუსაბამობის გათვალისწინებით ევროკავშირის ღირებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებთან, გთხოვთ, სასწრაფოდ გადახედოთ და გაიტანოთ შემოთავაზებული კანონპროექტი,“ — აცხადებს „ევროპული ბიზნეს ასოციაცია“.

საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო 17 აპირლს. წინ დარჩენილია კიდევ 2 მოსმენა და შემდგომ, მისი ხელმოწერის პროცედურები, რაც შესაძლოა, ივნისის ბოლომდეც გაიწელოს იმ შემთხვევაში, თუ „ოცნებამ“ უკან არ დაიხია.

აღნიშნილი კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი