ახალი ამბები

საჯარო სკოლებში აკაკი წერეთლის კვირეული გაიმართება

30 სექტემბერი, 2010 • • 1437
საჯარო სკოლებში აკაკი წერეთლის კვირეული გაიმართება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ოქტომბრის ბოლოს აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში წერეთლის კვირეული გაიმართბა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ პირველ საჯარო სკოლაში განაცხადა.

კვირეულის ფარგლებში სკოლებში გაიმართება თხზულებების კონკურსი თემაზე: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი’’ და მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

კონკურსში მონაწილეობას VIII-XII კლასელები მიიღებენ. კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი პირველი ოქტომბრიდან რვა ოქტომბრამდე საჯარო სკოლებში ჩატარდება. 22-27 ოქტომბერს კი გაიმართება რეგიონალური და დასკვნითი ტურები.

დასკვნით ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მიიღებს 700 ლარს, მეორეზე _ 500 ლარს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 300 ლარით დაჯილდოვდება.

რეგიონალურ კონკურსში გამარჯვებულ თხზულებების ავტორებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

,,წელს ქართველი ერი უდიდესი   მგოსნის აკაკი წერეთლის 170-ე წლის იუბილეს აღნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გაითავისონ მისი როლი ქართული ცნობიერების თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეის ჩამოყალიბების პროცესში’’,  – აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, სოფელ სხვიტორში, მოხდება.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი