საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 16 აპრილს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ჰომოფობიური შინაარსის შემცველ მუქარებსა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლას.
„2024 წლის 17 აპრილს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინგამოცემების- „პუბლიკის” ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს, სცემეს „აპრილის“ ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური და „ტაბულას“ ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, „სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“.
„ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ” ,- ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან 16 აპრილს მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტი კი პოლიციამ დააკავა. მათ შორის არის „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დაწერა, რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.