საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელი სხდომა კი პირველი მოსმენით კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასრულდა.
ამასთან, 17 მარტს, 11:45 საათზე დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომაც.
პარალელურად, საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი შეკრებილნი არიან პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე, ასევე, პარლამენტის უკანაც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. სპეცრაზმელებს გადაკეტილი აქვთ ჩიტაძის ქუჩა, საიდანაც სავარაუდოდ დეპუტატები დატოვებენ პარლამენტის შენობას.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.