პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დღეს ვერ დასრულდება და, შესაბამისად, პირველი მოსმენით კენჭისყრაც დღეს არ გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცედურების შესაბამისად, ახლა პარლამენტის უფრაქციო წევრებმა უნდა ისარგებლონ სიტყვით გამოსვლით, შემდგომ, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რაც პაპუაშვილის თქმით 9 საათამდე ვერ მოესწრება:
„ყველა პოლიტიკური ჯგუფი გამოიყენებს დროს. თუ არ ვცდები, დაახლოებით საათ-ნახევრის – ორი საათის საკითხი არის, შემდეგ უკვე ენმ-ის და უმრავლესობის დრო არის. ჩვენ ამ გრაფიკიდან გამომდინარე დღეს ვერ ამოვწურავთ განხილვას, როგორც ჩანს, საათ-ნახევარი გვაქვს დარჩენილი დღევანდელი სხდომის ბოლომდე, 9-ზე მოვრჩებით. გავაგრძელებთ და მერე როგორც იქნება, გადავა ხვალინდელზე”, – თქვა პაპუაშვილმა.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.