ახალი ამბები

ევროკავშირის დელეგაციამ მთავრობას „რუსულ კანონზე“ შეშფოთება გაუზიარა

10 აპრილი, 2024 • 1452
ევროკავშირის დელეგაციამ მთავრობას „რუსულ კანონზე“ შეშფოთება გაუზიარა

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის 2024 წლის 4 აპრილის განცხადება დაიმოწმა.

ამის შესახებ ნათქვამია PSC-ის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ევროკავშირმა თავის ფუძემდებლურ ხელშეკრულებაში დაცულ საკუთარ ღირებულებებს ხაზი გაუსვა.

კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

„მოცემულ კონტექსტში ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით მკაფიო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საჭირო რეფორმები და წინსვლა შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მონაწილეობის მიდგომით, მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა განხორციელდეს. დრო არ იცდის და ახლა არის დრო, შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები. ევროკავშირი აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას და ხაზს უსვამს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ყველა დარჩენილი რეკომენდაციის გათვალისწინების საჭიროებას.

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრები 10-11 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაცია კომიტეტის თავმჯდომარის, ელჩის დელფინ პრონკის ხელმძღვანელობით შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას (EUMM Georgia) და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს მოინახულებენ.

ევროკავშირის თანახმად, დელეგაციის ჩამოსვლა არის ნაწილი რეგიონში უფრო დიდი ვიზიტისა, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სომხეთში (8-9 აპრილი) და აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) და მიზნად ისახავს პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან რეგიონში.

საქართველოში კომიტეტის მიერ პირველი ასეთი ვიზიტი 7 წლის წინ განახორციელეს. დელეგაციის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრების დროს ხაზი გაუსვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ არსებული მომენტის გამოყენების მნიშვნელობას.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირის კარი წევრობისთვის ახლა ღიაა“, — აცხადებს კომიტეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი