ახალი ამბებიკომენტარი

ირაკლი შავიშვილი: რატომაა კანონპროექტი „იარლიყების მიწებების შესახებ“ ცინიკური

9 აპრილი, 2024 • 2232
ირაკლი შავიშვილი: რატომაა კანონპროექტი „იარლიყების მიწებების შესახებ“ ცინიკური

ავტორი: ირაკლი შავიშვილი, საგადასახადო კონსულტანტი, ეკონომიკის ექსპერტი.


კეთილი, გავცდეთ სათაურს

კანონპროექტი „იარლიყების მიწებების შესახებ“ (სწორედ ასე დავარქვი მას ერთი წლის წინ) სხვა ქვეყნების (მათ შორის, რუსეთის) კანონებისგან კიდევ ერთი ასპექტით (გარდა სოცქსელებში მრავალგზის აღწერილისა) განსხვავდება, კერძოდ, ცინიკურობით:

1. საქმე ისაა, რომ უცხოურ კანონებში (მათ შორის, რუსულშიც), ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, პირის აგენტად რეგისტრაციის ინიციატორად ხელისუფლება გამოდის, ჩვენს პროექტში კი ინიციატორი თავად „აგენტობის კანდიდატია“. ცინიკური კი ამაში ისაა, რომ პირს ამ „ინიციატივის“ გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ აქვს – საკუთარ განცხადებას ხომ არ გაასაჩივრებს? კურდღლის და აქლემის ანეკდოტიც კი აზრს კარგავს, როცა კურდღელი თვითონ იჩემებს აქლემობას.

2. თუმცა გასაჩივრების ერთი შანსი პირს მაინც აქვს, ოღონდ ეს, სულ ცოტა, 25’000 ლარი დაუჯდება – ვიღაცას უნდა დააბეზღებინოს საკუთარი თავი: „აგენტია და რეგისტრაცია არ გაუვლიაო“ და მას შემდეგ, რაც შესაბამისი მონიტორინგის სამსახური მას იძულებით დაარეგისტრირებს და თანაც 25’000 ლარით მიაჯარიმებს, ეს გაასაჩივროს. ეს არ არის ცინიკური?

3. ცინიკურია თავად დაბეზღების მექანიზმის არსებობაც პროექტში.

4. საერთოდ არ არის აღწერილი, რა ხდება, თუ „აგენტობის კანდიდატი“ წარადგენს განცხადებას, მაგრამ მარეგისტრირებელი აღმოაჩენს, რომ ის არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს. ხარვეზიანი კი არ არის, არ აკმაყოფილებს! მაგალითად, მის მიერ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება მთელი დაფინანსების 10 პროცენტია. „ჩვენ გულკეთილები ვართ და უარს არავის ვეუბნებით“, თუ როგორ არის საქმე?

5. არც ისაა აღწერილი, რა ხდება, თუ დადგენილ ვადებში მარეგისტრირებელმა არც დაახარვეზა დოკუმენტაცია და არც დაარეგისტრირა?! დუმილი თანხმობის ნიშანია (ანუ ავტომატურად რეგისტრირებულად ითვლება) თუ უარყოფის? ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ნიშნავს, მაგრამ საწინააღმდეგო ანალოგიებიც მრავლადაა. ჰოდა, როგორ იქნება ეს ამბავი?

6. „პროექტი სხვა კანონებთან შედარებით მსუბუქია და არ ეხება ფიზიკურ პირებს“-ო, ამბობენ პროექტის ინიციატორები. ეს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ფორმატში ისეთივე აბსურდია, როგორც უყველო ხაჭაპური ან ულანჩო ფეხსაცმელი. ამიტომ სრულიად დარწმუნებული ვარ, ინიციატორებს უკვე მზად აქვთ ცვლილებების პროექტიც, რომელსაც კანონის მიღების შემდეგ რამდენიმე დღეში შეიტანენ.

ეს ნაწილი, ჩემი აზრით, შეგნებულად არის გამოტოვებული ხალხის მოსათაფლად, თორემ იურისპრუდენციის ისეთი „მეტრები“, როგორებიც ხელისუფლებაში არიან და ვინც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ პროექტზე მუშაობს, ასეთ ლაფსუსებს, უბრალოდ, არ უშვებენ. არც ეს არის ცინიკური?

ირაკლი შავიშვილი © საინტერესო ადამიანები/1tv.ge

დაბოლოს – ხელისუფლება ამ კანონის გარეშეც სრულად აკონტროლებს საქართველოში მოძრავ თითოეულ თეთრს, ცენტსა თუ ტუგრიკს – ზუსტად იცის, ვინ, ვის, როდის, რამდენი და რა მიზნით გადაუხადა. მაგრამ ოპონენტებთან სიტყვიერ დებატ-შოუებში ამ ინფორმაციას ვერ იყენებს, რადგან შესაბამისი კონსტიტუციური, საგადასახადო, სამოქალაქო, საბანკო, პერსონალურ მონაცემთა შესახებ და სხვა კანონმდებლობით ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება, მათ შორის პირადი თუ პოლიტიკური სარგებლის მისაღებადაც, კანონით ისჯება (თუ რატომ უნდა იყოს ეს ასე და რატომ არ უნდა იყოს ეს ინფორმაცია ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი და „გამჭვირვალე“, ჩემი წინა პოსტის კომენტარებში ვრცლად მაქვს აღწერილი და ვისაც აინტერესებს, ვთხოვ, ნახოს).

ამიტომ ხელისუფლებას სურს, რომ ეს ბარიერი ამგვარი ხერხით დაძლიოს და ოპონენტებს, თუ ძალიან „გაუხურებენ“, უთხრას – „მოკეტე, შე აგენტო“-ო. ოპონენტიც „მოკეტავს“, რადგან თავად ექნება ნათქვამი, აგენტი ვარო. ხოლო, რადგან ოპონენტი შეიძლება იყოს ქართული ყურძნის ჯიშების შემსწავლელი ორგანიზაციაც და ეფ-ეს-ბეს მიერ დაფინანსებულიც, ყველას ერთ ქვაბში ხარშავს.

ოღონდ ამ ყველაფერს ბევრად უფრო ცუდი შედეგიც შეიძლება მოჰყვეს – რომ ადამიანები „შე აგენტო – აგენტი თავი გაბია“-ს ყიჟინით, ქვებით, კომბლებითა და ტაბურეტებით დაერიონ ერთმანეთს. ჰოდა, აქ ერთი რიტორიკული კითხვაც მიჩნდება პროექტის ინიციატორების მიმართ – მზად ხართ, მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, პასუხი აგოთ პროვოცირებისთვის? – მეტი არაა ჩემი მტერი!

P.S. ერთ რამეზე კი მართლა მწყდება გული – ადამიანები, რომლებსაც „ხელისუფლებაში დროებითი დაუსაქმებლობის“ პერიოდში წესიერ ადამიანებად ვთვლიდი, მხოლოდ „დროებით წესიერები“ აღმოჩნდნენ.


რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი