ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

8 აპრილი, 2024 • 880
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

აქციას უერთდებიან სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“ და „ჯიუტი“. მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად 14:00 საათზე შეიკრიბებიან. გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:30 საათზეა დანიშნული.

პარალელურად, აქცია გაიმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც. „ტალღისა“ და „ჯიუტის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი გააპროტესტებენ „რუსულ კანონს“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელახლა დააინიციირა და 15:00 საათზე ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილოს:

„8 აპრილს, 14 საათზე სამოქალაქო მოძრაობების, ტალღის და ჯიუტის ინიციატივით ორ ლოკაციაზე, საქართველოს პარლამენტის უკან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება საპროტესტო აქცია „არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს“. აქციას უერთდებიან სამოქალაქო ჯგუფები: კარი, მწვანეები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის.

8 აპრილს, 15 საათზე პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დანიშნულია კანონპროექტის განხილვა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რომელიც თავისი არსით რუსულია. ზუსტად ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართება“,— ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის მარტში საზოგადოებამ უკან გაატანინა რუსული კანონი, ხელისუფლებამ გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი:

„ახლა კი რუსული ხელისუფლება, ასრულებს რა რუსეთის დავალებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის სტატუსს. ამ პროცესებს შორის მჭიდრო კავშირია, ამიტომ გადავნაწილდებით და შევიკრიბებით როგორც პარლამენტის უკან, ასევე სასამართლოს წინ“, — აცხადებენ ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი