ახალი ამბები

სასროლეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

8 აპრილი, 2024 • 508
სასროლეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია “ბეთლგრაუნდის” სასროლეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ორი ადამიანი ადგილზე, ერთი კი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდა ამისა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება კიდევ სამი დაშავებული ადამიანი, რომელთაგან ერთი რეანიმაციაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი უწყების თანამშრომელია. რაც შეეხება დაშავებულებს, მათგანაც ორი შსს-ს თანამშრომელია, ერთი კი, თავად მაღაზია “ბეთლგრაუნდის”.

„კლინიკაში კვლავ რჩება სამი პაციენტი აფეთქებით გამოწვეული ტრავმებით. ერთი პაციენტი, 49 წლის მამაკაცი, რეანიმაციის განყოფილებაშია — მთელი სხეულის 20% დაზიანებული აქვს. თუმცა ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე, ორი მამაკაცია შედარებით ნაკლები დამწვრობით — 8%-ით და 12%-ით. მათ სახე, თავი და ზემო კიდურები აქვთ დაზიანებული. მათი მდგომარეობაც სტაბილურია“, — უთხრა „მთავარ არხს“ გუგა ქაშიბაძემ, ხეჩინაშვილის კლინიკის ქირურგმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის შემდეგ ადგილზე მუშაობა დაიწყეს სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა. მათ შორის, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, განნაღმველებმა, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტებმა, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერექსპერტმა.

აფეთქების მიზეზების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დროისთვის, არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი