ახალი ამბები

ჩეხეთის ელჩი: პარტნიორი ქვეყნისთვის, რომელიც გეხმარება, „უცხოური ძალის” წოდება არამეგობრულად ჟღერს

5 აპრილი, 2024 • 873
ჩეხეთის ელჩი: პარტნიორი ქვეყნისთვის, რომელიც გეხმარება, „უცხოური ძალის” წოდება არამეგობრულად ჟღერს

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

ელჩი წერს, რომ როდესაც საუბარია პარტნიორი ქვეყნისგან მიღებულ დახმარებაზე,  სიტყვა „უცხოური ძალა“ არამეგობრულად ჟღერს:

„სიტყვა „უცხოური ძალა“ კანონპროექტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარებაა პარტნიორი ქვეყნისგან“, — წერს სოციალურ ქსელ X-ში ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი.

რა ხდება?

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი