ახალი ამბები

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: “ოცნებას” სრულიად არასწორად გაუგია ერთი რამ

4 აპრილი, 2024 •
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: “ოცნებას” სრულიად არასწორად გაუგია ერთი რამ

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხალე როთი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს ე.წ. რუსული კანონის უკან შემობრუნების გამო.

“მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნდობის ვოტუმი (ნდობის გამოცხადება) იყო და არა ჯილდო. “აგენტების” კანონის კვლავ მობრუნება ნდობის სერიოზული შელახვაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნეს აღებული მაგიდიდან”, – დაწერა მიხაელ როთმა x-ზე.

3 აპრილს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას აპირებს.

მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული. მისი თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი