ახალი ამბები

რუსული კანონის პასუხად „საქართველოსთვის“ რუსეთის გავლენისგან დაცვის კანონს წარადგენს

4 აპრილი, 2024 • 783
რუსული კანონის პასუხად „საქართველოსთვის“ რუსეთის გავლენისგან დაცვის კანონს წარადგენს

გიორგი გახარიას თანაგუნდელი, პარლამენტარი ბექა ლილუაშვილი განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ხელისუფლების მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განმეორებით ინიციირებას.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო ასობით ათასმა მოქალაქემ „ტყუილებში ჩაკარგულ“ „ოცნებას“ კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ლილუაშვილის თქმით, დღეს კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია „ტყუილებში ჩაკარგული“ „ოცნება“, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს:

„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს გააღრმაოს პოლარიზაცია. დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ მანიპულირებს თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს. ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ეს სტანდარტი ყველას უნდა
ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას!: ჩვენ გამჭვირვალობასთან არავითარი დისკომფორტი არ გვაქვს“, — ამბობს ლილუაშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ანგარიშვალდებულება, „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლებაა:

„სად არის მთავრობის დამალული განკარგულებები, სად არის ქოლცენტრებზე და დასანქცირებულ მოსამართლეებზე საგამოძიებო კომისია, სად არის დეკლარაციებში ნათესავების წრის გაფართოება და სხვა?! მაგრამ საქმე ისაა, რომ სახელდებით აგენტის იარლიყის მიწერა გსურთ და თავის გადარჩენის გამო აკეთებთ ამას. ყველა ინსტიტუტი თქვენს ხელშია და შინაარსობრივად ისედაც ყველა ინფორმაციას ფლობთ და თუ ვინმე კანონს არღვევს, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს – იმოქმედეთ, გამოავლინეთ და დასაჯეთ!

როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე საუბრობდე და არათუ ათანაბრებდე ოკუპანტს და სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ ოკუპანტ სახელმწიფოზე მეტად ერჩოდე და ემუქრებოდე სტრატეგიულ პარტნიორს?! შემდეგ გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რადაც ეს კანონი საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად შეაფასა რუსულ კანონად! ამიტომ, “არა, არ არის რუსულის“ თქმის ნაცვლად, ადექით და დაარწმუნეთ, აბა, ეს ადამიანები – რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული?!“ — ამბობს ლილუაშვილი.

ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია ტოლობის ნიშნის დასმა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის, ამიტომ, როგორც წინა ჯერზე, პარტია „საქართველოსთვის“ გეგმავს წარადგინოს ალტერნატიული კანონი ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ.

რა ხდება?

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი