ახალი ამბები

„ნაკრების გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ“ — ყოფილი ფეხბურთელი რუსულ კანონზე

3 აპრილი, 2024 • 19334
„ნაკრების გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ“ — ყოფილი ფეხბურთელი რუსულ კანონზე

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა ალადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიციირება საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მონიჭებული ბედნიერების, გამარჯვების და სიხარულის გაცამტვერების მცდელობაა:

„სად მივდივართ? სად და ევროპაში! მე, როგორც ნაკრების წევრი ბევრი წლის განმავლობაში, არ გაგიტარებთ ამ ბედნიერების, გამარჯვების და სიხარულის გაცამტვერების მცდელობას.

როცა ამხელა სიხარული მოგვიტანეს გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა, ამათ ახლა მოინდომეს გველურად რუსების შემოცურება. არ გამოვა ეგ ამბავი!

ჩვენ ვართ საქართველო! ამ გამარჯვებას არ ჩაგაშხამებინებთ“ ,— ამბობს კახა ალადაშვილი, რომელსაც საქართველოს ნაკრების რიგებში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული 2005-2015 წლებში.

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი