პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა არაა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ „ნებისმიერ ფასად“ წაიწიოს.
ასე უპასუხა ნეტგაზეთის კითხვას – იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იმაზე, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები შესაძლოა გართულდეს და ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს. შარშან, როცა „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონის მიღებას გეგმავდა, ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროგაერთიანებაში გაწევრების მიზანს.
„ჩვენ გვინდა ევროკავშირში მშვიდად შევიდეთ, გვინდა შევიდეთ სტაბილურად და არა დანგრეული ქვეყნით. ეს არის ამოცანა. ჩვენთვის ხომ არ არის [ამოცანა], რომ ნებისმიერ ფასად წავიწიოთ წინ ევროკავშირის გზაზე. ჩვენი ამოცანა, ქართველი ხალხის მიზანი არის, რომ ჩვენ ევროკავშირში წინ ისე წავიწიოთ, ჩვენ თვითონ არ დავზიანდეთ.
ამ ამოცანას ეწინააღმდეგებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს იყო ევროკავშირისთვის წითელი ხაზი და უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის სანქციები და დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა. ვნახეთ, რომ ჩვენ არ დავაწესეთ რუსეთისთვის სანქციები და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ზოგიერთი ამბობდა, რომ უკრაინაში მებრძოლების გაგზავნა იყო იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ წინ წავწეულიყავით ევროკავშირთან ურთიერთობაში – დაგვეზიანებინა ჩვენი თავი და ომში შევსულიყავით რუსეთთან. ვნახეთ, რომ ამ მოწოდების მიუხედავად, არ დავაყენეთ ომის რისკის წინაშე ჩვენი ქვეყანა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ.
ახლა ზოგიერთი ამბობს, რომ თურმე წინაპირობა არის, ჩვენ თვალი დავხუჭოთ იმ ფონდებზე, რომლებიც აქ ჩუმად ხარჯავენ ფულს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში არის ფონდები და დონორები, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს და უკანონოდ აფინანსებენ პარტიებს. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან დავაზიანებთ ქვეყანას. ჩვენი ამოცანა არის, ევროკავშირში წინ წავიწიოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ქართველი ხალხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.
კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.