ახალი ამბები

ღარიბაშვილი ცოტა ხანში მოგვთხოვს, მურუსიძე-ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ — ალავიძე

1 აპრილი, 2024 • 1377
ღარიბაშვილი ცოტა ხანში მოგვთხოვს, მურუსიძე-ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ — ალავიძე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, რომელიც წლების წინ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს დაუპირისპირდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს ე.წ. კლანის მხარდაჭერის გამო.

„ირაკლი ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს (კლანის წევრებს, ე.წ. მსხვერპლებს), აბა, წესიერ ადამიანებთან არასდროს არ იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი. ცოტა ხანში მოგვთხოვს, მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ და გამაჯანსაღებელი აბაზანები დავუნიშნოთ. კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანების მსხვერპლებს რას უპირებთ, ბატონო ირაკლი?“ — წერს ბესარიონ ალავიძე პირად ფეისბუკ გვერდზე.

ალავიძე ასევე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს პლენუმის ოქმს, რომელიც 11 მარტს გაიმართა და რომლის აუდიოჩანაწერი ნეტგაზეთმა 26 მარტს გამოაქვეყნა. აღნიშნული ოქმი ასახავს უზენაესი სასამართლოს წევრთა უმრავლესობის პოზიციებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის შექმნის წინააღმდეგ.

„ისინი [ე.წ. მოსამართლეთა კლანი] ან არ დათმობენ პოზიციებს, ან „საფლავში“ ჩაიყოლებენ ბიძინას და ქოცელიტას, იტყვიან ყველაფერს, თუ რომელ საქმეზე რა დაუკვეთეს და შეთხზავენ მორიგ ისტორიას, თუ როგორ იქცნენ „ქართული ოცნების“ მსხვერპლად, რათა ახალ ძალას შეაცოდონ თავი და გამოსავალი ნახონ. არადა, ბატონო ბიძინა, სულ თქვენი სახელი ჟღერს, როგორც დამკვეთის (ყოველ შემთხვევაში, კლანის ენით რომ ვისაუბროთ, ასეა „გაბაზრებული“ მოსამართლეებში), როცა ე.წ. გახმაურებულ საქმეებზეა საუბარი, თუ დროზე არ გამოფხიზლდებით, კიდევ უფრო დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“ ,— მიიჩნევს ბესარიონ ალავიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დაიცვა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები და ის მოსამართლეები გააკრიტიკა, რომლებიც ემხრობიან ევროკომისიის რეკომენდაციას, სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების ახალი მექანიზმის შექმნაზე.

„თუ მათ არ უნდათ ჩვენს სასამართლოში მუშაობა, კეთილი ინებონ, დატოვონ სასამართლო და იმუშაონ სხვა ქვეყნების სასამართლოში და ორგანიზაციებში“, – ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი