ახალი ამბები

სავარაუდოდ, 6 ადამიანი ემსხვერპლა ბალტიმორში ხიდის ჩანგრევას

27 მარტი, 2024 • 944
სავარაუდოდ, 6 ადამიანი ემსხვერპლა ბალტიმორში ხიდის ჩანგრევას

დიდი ალბათობით, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში 26 მარტს მომხდარ შემთხვევას — სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „დელი“ მდინარე პატაპსკოზე არსებულ ხიდს დაეჯახა და მთლიანად ჩამოანგრია.

შემთხვევის ამსახველ ვიდეოში ჩანს შეჯახებისა და ნგრევის მომენტი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გემი ბალტიმორის პორტიდან ახალი გამოსული იყო, როცა ჯერჯერობით გაურკვეველი ტექნიკური მიზეზით გაითიშა მისი ძრავა და ელექტრობა. ელექტრობა ერთხელ ჩაირთო და ისევ გაითიშა, თუმცა ეკიპაჟმა ძრავის ამუშავება ვერ შეძლო.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, როცა ეკიპაჟმა გააცნობიერა, რომ გემი უმართავად მიდიოდა, მიმართულებას ვერ უცვლიდნენ და ვერც დროულად აჩერებდნენ, დაუყოვნებლივ შეატყობინეს ბალტიმორის ტრანსპორტის დეპარტამენტს — გაგზავნეს განგაშის სიგნალი. სიგნალის მიღებიდან ზუსტად 2 წუთში ტრანსპორტის დეპარტამენტმა 2.5 კმ სიგრძის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეაჩერა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება, რადგან ამ ხიდს ყოველდღიურად ათასობით ავტომობილი იყენებს.

შეჯახების მომენტში ხიდზე მხოლოდ რამდენიმე მუშა იმყოფებოდა, რომლებიც საგზაო სამუშაოებს ატარებდნენ. ხიდის ნგრევის შედეგად წყალში ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 6 ადამიანი, ისინი არიან მექსიკიდან, გვატემალიდან და ელ სალვადორიდან. როგორც სანაპირო დაცვის სამსახური აცხადებს, ისინი, დიდი ალბათობით, გარდაცვლილები არიან და მათი ცხედრების ძიების სამუშაოები გაგრძელდება.

ასევე გრძელდება გამოძიება შემთხვევის ზუსტი მიზეზების დასადგენად და იმის შესასწავლადაც, რამდენად იყო ხიდი უსაფრთხო, რომელიც შეჯახებისთანავე თითქმის მთლიანად დაინგრა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხიდი ყოველდღიურად 30 ათასამდე ადამიანს ემსახურებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი