ახალი ამბები

პესკოვმა პირველად უწოდა „ომი“ რუსეთის უკრაინაში შეჭრას

22 მარტი, 2024 •
პესკოვმა პირველად უწოდა „ომი“ რუსეთის უკრაინაში შეჭრას

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი პირველად მოიხსენია ომად. როგორც რუსული სახელისუფლებო მედია წერს, პესკოვმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, „რაც დასავლეთი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე გახდა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ფაქტობრივად ომად იქცა“.

„ჩვენ ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში. დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური საბრძოლო ოპერაცია, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოლექტიური დასავლეთი გახდა მისი მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს ომად იქცა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ყველას უნდა ესმოდეს თვითმობილიზებისთვის“ ,— თქვა დიმიტრი პესკოვმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა კრემლი უკრაინაში მიმდინარე ომს არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არამედ ომს უწოდებს:

„ახლა რუსეთის მიზანია დაიცვას ოთხი ახალი რეგიონის მცხოვრებლები და გაათავისუფლოს ტერიტორიები, რომელიც კიევს ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს“ ,— თქვა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვი დასძენს, რომ მოსკოვი გააგრძელებს მოქმედებას იმისთვის, რომ „უკრაინის საბრძოლო პოტენციალი ვერ დაემუქროს რუსეთის მოქალაქეებსა და ტერიტორიებს“.

პესკოვმა იქვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დე ფაქტო ომშია, ბრძოლების სამართლებრივი სტატუსი არ იცვლება და ის ფორმალურად კვლავ „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“ — კრემლი სწორედ ასე მოიხსენიებს უკრაინაში შეჭრას.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი