ახალი ამბები

რუსეთმა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოსექტორზე

22 მარტი, 2024 • 1169
რუსეთმა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოსექტორზე

22 მარტის ღამეს რუსეთმა მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო-საჰაერო იერიში მიიტანა მთელ უკრაინაზე, მათ შორის, კრიტიკულიინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

საკრუიზო რაკეტები გაუშვეს კასპიის ზღვის რეგიონიდან. კიევში და ყველა რეგიონში გამოცხადებული იყო ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში, რომელიც თითქმის 4 საათს გაგრძელდა.

აფეთქებები რამდენიმე რეგიონში ისმოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში 15-მდე აფეთქების ხმა გაისმა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, 22 მარტის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 60-ზე მეტი „შაჰიდის“ დრონი და თითქმის 90 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

„მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურებს და ენერგომომარაგების ხაზებს, ჰიდროელექტროსადგურებს, ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებს, თუნდაც ტროლეიბუსებს. რუსეთი ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას ებრძვის“, — განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, კაშხალზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა 22 მარტის ღამეს უკრაინის ენერგეტიკაზე იყო გამიზნული და ყველაზე მასშტაბური ბოლო პერიოდში.

„თავდასხმის მიზანია არა მხოლოდ დააზიანოს, არამედ, როგორც შარშან, ისევ სცადოს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ოპერირების ფართომასშტაბიანი მარცხის გამოწვევა“, — განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დაზიანდა გენერაციის ობიექტები, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემები სხვადასხვა ზონაში. უკრაინის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გათიშულია.

დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომწოდებელი ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაუქმდა.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ასევე დაზიანდა კრივი-რიჰში, ვინიცისა და ლვოვის რეგიონებში.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ თქვა, რომ რუსული რაკეტა დაეჯახა ტროლეიბუსს, რომელიც ჯებირზე მოძრაობდა, ათობით ადამიანი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი