ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი არ აპირებს საკუთარი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დათმობას — ფაშინიანი

21 მარტი, 2024 • 1222
სომხეთი არ აპირებს საკუთარი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დათმობას — ფაშინიანი

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათზე განაცხადა, რომ სომხეთი „არ აპირებს საკუთარი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დათმობას.“

„ჩვენ უნდა დავაზუსტოთ, რას ვთმობთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი და არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ მე ვარ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული შეთანხმება არის ის, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა.

ეს არის სომხეთის ტერიტორია „ალმა ათის“ 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე. ეს არის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია და სომხეთი არ აპირებს საკუთარი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის არავისთვის დათმობას. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, — განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში არის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია.


8 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა თურქულ საინფორმაციო სააგენტო „Anadolu-სთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთს სურს, ალმა-ათის დეკლარაცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში შევიდეს, მაგრამ ამ საკითხზე ერევანმა ბაქოსგან ვერ მიიღო დადებითი პასუხი.

მიროზიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის განზრახვას, გამოიყენოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესისგან შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობა, სამშვიდობო დღის წესრიგისადმი ერევანის ერთგულების დასადასტურებლად.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს კავკასიასა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით,“ — განაცხადა მიროზიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არაერთი უთანხმოებაა, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება მიღწეულია.

მიროზიანის თქმით, ორ ძირითად საკითხზე მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ.

ამ საკითხებიდან პირველი ეხება ორ ქვეყანას შორის საზღვრების განსაზღვრის პრინციპს, ხოლო მეორე — რეგიონულ კომუნიკაციებსა და სატრანსპორტო მარშრუტებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მხარეები 2023 წლის შემოდგომიდან მუშაობენ.

1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის თანახმად, ყოფილი სსრკ ქვეყნები უნდა აღიარებდნენ ერთმანეთის სახელმწიფო საზღვრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი