ახალი ამბები

ბრიუსელში ევროპული საბჭოს 2-დღიანი სამიტი გაიხსნა

21 მარტი, 2024 • 1790
ბრიუსელში ევროპული საბჭოს 2-დღიანი სამიტი გაიხსნა

ბრიუსელში ევროპული საბჭოს ორდღიანი შეხვედრა გაიხსნა.

ორდღიანი სამიტის განმავლობაში, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას, გაფართოების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს, სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, საგარეო ურთიერთობებს, მიგრაციას და სოფლის მეურნეობას.

სამიტის ფარგლებში სამუშაო სადილი გაიმართება გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.

სამიტზე იმსჯელებენ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის დახმარებისკენ მიმართვაზე. კვირის დასაწყისში ევროკომისიამ შესთავაზა, გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივების მოგების 90% უკრაინისთვის იარაღის შესასყიდად. კომისიის შეფასებით, ამ აქტივების მოგება შეიძლება იყოს 3 მილიარდ ევრომდე წელიწადში.

გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ბოლო მოვლენებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უკრაინასა და მოლდოვაში.

2023 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ლიდერებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა მოლაპარაკებების გახსნისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როდესაც ეს უკანასკნელი წევრობის კრიტერიუმებთან აუცილებელ შესაბამისობას დააკმაყოფილებდა. ევროპულმა საბჭომ კომისიას დაავალა პროგრესის ანგარიშის წარდგენა არაუგვიანეს 2024 წლის მარტში.

მიმდინარე წლის 12 მარტს ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.

ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ მოამზადა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები. კომისია ასევე წარადგენს ზეპირ შუალედურ მოხსენებას უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე.

ევროკომისიის მიერ მოლაპარაკებების ჩარჩოს შეთავაზების შემდეგ, ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს შეთავაზებული ტექსტების შიდა განხილვები და დაამტკიცოს მოლაპარაკებების ჩარჩოები. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს შეთანხმებულ საერთო პოზიციას პირველ მთავრობათაშორის კონფერენციაზე თითოეულ ქვეყანასთან, რითაც გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება. მოლაპარაკებების ჩარჩოები სწორედ ამ ეტაპზე გასაჯაროვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი